სატელეფონო საუბრის ტექსტი ნათელყოფს, რომ ტრამპმა ზელენსკის სთხოვა ბაიდენთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მას სთხოვა, გამოიკვლიოს, შეაწყვეტინა თუ არა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოძიება უკრაინული კომპანიის წინააღმდეგ, რომელშიც მისი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა. სატელეფონო საუბრის შეჯამება დღეს გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციამ.

დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის პოტენციური მეტოქეა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარში ლაპარაკია გაზის კერძო კომპანია Burisma Holdings-ზე, რომელიც უკრაინაში აწარმოებდა ბიზნესს. მის წინააღმდეგ 2015 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრების ბრალდებით.

„ძალიან ბევრი ლაპარაკია ბაიდენის ვაჟზე, რომ ბაიდენმა შეწყვიტა გამოძიება და ბევრ ადამიანს სურს, გაიგოს ამის შესახებ. ამიტომ რასაც კი შეძლებთ [აშშ-ის] გენერალურ პროკურორთან ერთად, კარგი იქნება“, - თქვა ტრამპმა ტექსტის მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ტრამპის თხოვნის საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნები დიდი უმრავლესობით მოიგო და უკრაინის გენერალური პროკურორი „100%-ით ჩემი ადამიანი იქნება“ და ეს ადამიანი „მიხედავს ამ ვითარებას, კერძოდ, კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ“.

ამასთან, ტრამპმა ზელენსკისთან საუბარში მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი (ის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა), უკრაინაში აშშ-ის ელჩი მერი იოვანოვიჩი და გერმანიის კანცლერი აგელა მერკელი.

დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებაში სდებს ბრალს. ტრამპი და ზელენსკი უარყოფენ ამას.

გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ინიცირება გაუკეთა ტრამპის მოქმედებების ფორმალურ გამოძიებას, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის, თანამდებობიდან მისი გადაყენების, შესახებ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს ბრალი დასდო კონსტიტუციის დარღვევაში ზელენსკისთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.