მერაბ გაბინაშვილი: სასამართლო დამოუკიდებელია

დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვთვლი, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლის, ვანო ზარდიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ, გაბინაშვილმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოს დამოუკიდებლობას.

„დღეს სასამართლო, იმ გადაწყვეტილებების ფონზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეებისთვის მიცემული გარანტიების ფონზე და კიდევ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, არის... მე ვთვლი, რომ (სასამართლო) არის დამოუკიდებელი. არ მაქვს საწინააღმდეგო ინფორმაცია და საწინააღმდეგო ფაქტები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ სასამართლო იღებს...

შესაძლოა, სასამართლომ მიიღოს სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილებები, ამისგან არავინ არის დაზღვეული და ზემდგომი ინსტანციებიც იმიტომ არსებობს, რომ ეს გამოასწოროს... მაგრამ შეგნებულად მიკერძოებით მიღებული გადაწყვეტილებები და ასეთი საქმეები მე არ ვიცი. ეს თითოეული ჩემი კოლეგის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

მანამდე მან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენლის, გედევან ფოფხაძის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე წინა ხელისუფლების პირობებში.

„ვერ გეტყვით... მე ვფიქრობ, რომ (მოსამართლეები) არ იღებდნენ (პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს)... არ იღებდნენ... მე რომ ეს დაგიდასტუროთ, მე უნდა გითხრათ მაშინ, რომელი მოსამართლე იღებდა ამას და მაშინ უნდა შევიდე განხილვაში - უნდა ვიცოდე საქმის მასალები, უნდა ვიცოდე ამ მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ... უნდა ვიცოდე, რა სამართლებრივი შედეგები გამოიწვია შემდეგ... ეს არ არის ჩემი საქმე. მე კოლეგის საქმიანობას ვერ შევაფასებ“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები შეკითხვებს უსვამდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს. ის უკვე მეორე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მეორე, 20-კაციანი სიიდან.

მერაბ გაბინაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა როგორც პირველ, ასევე მეორე სიაში, სხვა ოთხი კანდიდატის მსგავსად. ასევე ორივე სიაში გვხვდება თამარ ალანია, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე 23 სექტემბერს წარდგა.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად, შედგა ახალი 20-კაციანი სია.