გამოკვლევა: ზოგ შემთხვევაში გაუარესებულია მოსახლეობის ცოდნა სავიზო ლიბერალიზაციის პირობებზე

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაში, რომელიც „CRRC საქართველომ“ ევროპის ფონდის დაკვეთით ჩაატარა, ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება არის შეფასებული.

როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, 2019 წელს გამოკითხვის ჩატარების დროისათვის ორი წელი იყო გასული, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით.

თუმცა, გამოკვლევის თანახმად, 2019 წლის გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ცოდნა სავიზო ლიბერალიზაციის პირობების შესახებ 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ზოგ შემთხვევაში შესამჩნევად გაუარესებულია:

  • 13%-ით არის შემცირებული საქართველოს მოსახლეობის წილი, ვინც პასუხობს, რომ უვიზო რეჟიმის პირობებით სარგებლობისას აუცილებელია მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება (შესაბამისად, 45% და 32%);
  • 8%-ით ნაკლები (24%) პასუხობს, რომ აუცილებელია მგზავრს საზღვრის გადაკვეთისას თან ჰქონდეს უცხოეთში საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები (სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის მისამართი).

სავიზო ლიბერალიზაციის სხვა მოთხოვნების შემთხვევაში, როგორებიცაა ბიომეტრიული პასპორტის (78%-78%), სამოგზაურო დაზღვევისა (24%-25%) და საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთის ქონა (40%-36%), 2017 და 2019 წლების მონაცემები ფაქტობრივად არ განსხვავდება.

გამოკითხვის თანახმად, ისევე, როგორც 2017 წელს, 2019 წლის გამოკითხვის შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცოდნის ნაკლებობას სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ.

2017 და 2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 42% და 37% (შესაბამისად) ამბობდა, რომ არ იცის, რომელი საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს, რათა უვიზოდ იმგზავროს ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში – შედარებისთვის, ქართულენოვანი მოსახლეობის წილი, რომელსაც არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი, 2019 წელს 16% იყო.

შეკითხვაზე - „როგორ ფიქრობთ, უვიზო რეჟიმის შედეგად მიიღებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას?“

2017 წელს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედმა უპასუხა დადებითად ამ კითხვას, ხოლო 2019 წელს - 40%-მა.

ამ შემთხვევაში ქართულენოვანი მოსახლეობის ცოდნის დონეა შემცირებული: 62%-დან 44%-მდე, მაშინ, როდესაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებში ცოდნის დონე არ შეცვლილა.

როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, 2019 წლის გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონე სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესახებ არ არის გაუმჯობესებული 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესამჩნევადაა გაუარესებული.

საგრძნობლად განსხვავდება ქართულენოვანი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცოდნის დონე, რაც მიუთითებს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიის განახლების, ან გაძლიერების აუცილებლობას.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოკვლევის შედეგებს ხელისუფლების კომუნიკაციის გზებს უკავშირებს. მისი თქმით, ამ კუთხით ალბათ გადასახედია ის კომუნიკაციის არხები და გზავნილები, რომელიც მთავრობას აქვს.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ევროკავშირის რეკომენდაციის თანახმად, მოსახლეობასთან კომუნიკაცის დროს აქცენტი მხოლოდ სარგებელზე არ უნდა იყოს.

„საჭიროა უარყოფით მაგალითების წარმოჩენა: „უცხოეთში წავიდნენ და თავშესაფერი მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს და სხვა მაგალითები“. აქამდე ძირითადად დადებითი კომუნიკაცია იყო. კარგი იქნება, რომ ეს ნაწილი გაადაიხედოს. ოფიციალურ გზავნილებს ბევრად აღემატება ის სავარაუდო მაგალითები, რომ საქართველოს ზოგი მოქალაქე, რომელიც 90-დღიან ვადას არღვევს, თავშესაფარს მოითხოვს, იღებს, რჩება და შემდეგ (იატაკქვეშ მუშაობს) თანხას აგზავნის“, - გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ. მისი შეფასებით, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უცხოეთში ეძებონ თავშესაფარი, მეორე მხრივ კი გასაუმჯობესებელია კომუნიკაცია მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან.

------------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის მეთოდოლოგია

ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის 1 მარტიდან 20 მარტამდე. 33 სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი (იხ. დანართი #3) და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა.

ზოგადად საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის სხვა ქალაქების სოფლებისა მ 34 და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (აზერბაიჯანელები და სომხები).35 შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.

თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები- ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.

2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. 36 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით.

საველე სამუშაოების ხარისხის შეფასებით მიზნით 2019 წლის 23 მარტიდან 26 მარტამდე ველის კონტროლი ჩატარდა. ამ მიზნით შეირჩა 8 პირველადი შერჩევის წერტილი. კონტროლის შედეგად არ დაფიქსირებულა რაიმე დარღვევა. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია შეწონილი შედეგები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება გენერალური ერთობლიობის პოზიციას.

გამოკითხვა ჩაატარა „CRRC საქართველომ", ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით.