დიმიტრი გაბუნია: მაინტერესებს, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გათხვრა

„ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ბრალდებები. იმ მდგომარეობაში, რომ სიაც კი არ ვიცი, სახელებს ვიგებ მედიიდან“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში, პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმის კომენტირებისას. 19 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

„საზოგადოებასთან ერთად მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო პრეზიდენტს ეს სია და რატომ მოხდა ეს. შვებულებიდან რომ ჩამოვედი, თათბირზეც და პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი, მან არაფერი არ მიპასუხა, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა და მე პასუხი ვერ მივიღე“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

დიმიტრი გაბუნიას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, შეწყალებულთა სიასთან კავშირი ჰქონდეს ანგი ხუციშვილს, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ანგი ხუციშვილი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ამ საკითხზე მეტს ვერაფერს იტყვის.

„გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე, ნუ დამარღვევინებთ კანონს, ეს ადამიანები მივლენ საგამოძიებო ორგანოში“, - უპასუხა დიმიტრი გაბუნიამ და აღნიშნა, რომ თავადაც ელოდება პროკურატურაში მისვლას.

„მე სულმოუთქმელად ველოდები ბატონი შალვა თადუმაძის უწყებაში მისვლას და ვაპირებ, ღიად ვთქვა აბსოლუტურად ის ყველაფერი, რასაც ახლა ვიძახი“,- ამბობს დიმიტრი გაბუნია.

„მაინტერესებს, ვის დასჭირდა ჩემი სახელის და გვარის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს, ჩემი მოთხოვნით იურისტთა ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის, ესეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ესეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არიან განადგურებული, ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება, ვის ინტერესში იყო ჩემი გვარის წამოწევა“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, პროკურატურას მიმართოს მომხდარის გამოძიების მოთხოვნით.

„გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა და ეს ყველაფერი რომ დასრულდება, და დარწმუნებული ვარ ღმერთის და ადამიანის წინაშე, რომ ვარ ცამდე მართალი და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, აი, მერე ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა, უმკაცრესად კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას“,- აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.