პრეზიდენტის სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს:

„ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ გაიგონოს და დაინახოს ჩვენი პროტესტი, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოხატავს ამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისადმი, რომელიც არჩეული იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით, რომელშიც ჩართული იყო კრიმინალური სამყარო და და ამ კრიმინალური სამყაროს მიმართ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს თავისი ვალდებულებები, ახლა ეს ქალბატონი ისტუმრებს ამ ვალდებულებებს კრიმინალური სამყაროს მიმართ“, - განაცხადა გია ბარამიძემ.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა მარიამ რიგვავამ განაცხადა, რომ ახალგაზრდები იწყებენ მოძრაობას „შეცვალე“. „ჩვენ შევცვლით და მინდა, რომ თქვენც დაიჯეროთ ჩვენი ძალის. ჩვენ შევცვლით“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები 20 საათისთვის გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობის წინ და „სირცხვილიას“ შეუერთდებიან.