მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ორგზის (2017 და 2018) ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დღესვე, მსოფლიო კონკურენციაში კიდევ სამი ქართველი ჩაება და მათგან ორი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს. ირაკლი მწითური (92) რეპეშაჟის ფინალშია და საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ) კი კვარცხლბეკზე ასასვლელად სამი მეტოქის ძლევა სჭირდება.

პეტრიაშვილი, იაკობიშვილი და მწითური ხალიჩაზე ხვალ გავლენ, თბილისის დროით 16:00 საათიდან. ხვალვე, დილიდან დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 79, 86 და 97 კილოგრამებში. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).