აშშ-ის მედია: ტრამპის თაობაზე ინფორმატორის საჩივარი უკრაინას ეხება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თაობაზე ინფორმატორის საჩივარი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ თანამშრომელს ეკუთვნის, უკრაინას ეხება, - იტყობინებიან „ვაშინგტონ პოსტი“ და აშშ-ის სხვა საინფორმაციო საშუალებები.

„ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა ორი ყოფილი ოფიციალური პირის განცხადებას, რომ საქმე უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ „დაპირებას“ ეხება, რომელიც იმდენად საგანგაშო იყო, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, სპეცსამსახურების გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა საჩივარი.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმოწმებს ამ საქმეში გარკვეული ორი პირის ნაამბობს, რომ „ბრალდების, სულ მცირე, ერთი ნაწილი ეხება უკრაინას“. იქვე ნათქვამია, რომ თავიდან არ იყო ცხადი, როგორ ეწერებოდა ბრალდებაში უკრაინა.

მიმომხილველები ირიბ მინიშნებებს აკეთებენ, რომ საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომელიც საჩივრის შედგენიდან ორკვირა-ნახევრით ადრე გაიმართა.

სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩივრის დეტალების კონგრესისთვის გადაცემა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ისურვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა გენერალურ ინსპექციაში შეტანილი საჩივრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს თავდაპირველად „ყალბი ამბავი“ უწოდა.

„ყოველთვის, როდესაც ტელეფონით ვლაპარაკობ რომელიმე უცხოელ ლიდერთან, ჩემთვის ნათელია, რომ ამ საუბრებს ბევრი ვინმე ისმენს: აშშ-ის სხვადასხვა უწყება, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე... როდესაც ეს ყველამ ვიცით, განა რჩება ვინმე, საკმარისად სულელი იმისთვის, რათა დაიჯეროს, რომ უცხოეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას რამე შეუფერებელს ვიტყოდი?“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

გენერალური ინსპექტორი ვაშინგტონის სპეცსამსახურების შიდა ზედამხედველია, რომელიც პოლიტიკური მითითებებისგან დამოუკიდებლად იძიებს და ამხელს გადაცდომებს. ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამდე დადგენილი წესის თანახმად, შიდა ინფორმატორებმა პირველ რიგში გენერალურ ინსპექტორს უნდა მიმართონ.

კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ კიევშიც. ცნობილია, რომ ტრამპი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრა 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.