„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგს, რომლითაც მან პრეზიდენტისთვის მინიჭებული შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
EMC პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არის მიღებული.
სტატისტიკის თანახმად, პრეზიდენტმა ქურდობაში, ძარცვაში, ყაჩაღობაში, თაღლითობასა და მითვისებაში მსჯავრდებული 60 ადამიანი შეიწყალა (ყველა მათგანი ეკონომიკური დანაშაულის კარში ერთიანდება); საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 4 ადამიანია შეწყალებული; მკვლელობისთვის მსჯავრდებული - 3; ნარკოტიკული დანაშაულისთვის - 8; ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული - 4; ქრთამის აღება-მიცემისთვის მსჯავრდებული -3; სხვა - 9.
EMC სრულად იზიარებს საზოგადოების კრიტიკას, პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.
EMC მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.
18 სექტემბერს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.
შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.
16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.