გიორგი გახარია: ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის ასე შეწყალება

გიორგი გახარია

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების ასე, მსგავსი შეწყალება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, უნდა არსებობდეს „ფილტრები“ იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში მსჯავრდებულები „ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“.

„რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და, რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.