„მიუღებელია“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კიდევ ერთი მსჯავრდებულის შეწყალების ამბავს.
28 აგვისტოს შეწყალებულთა სია კონფიდენციალურია, მაგრამ 16 სექტემბერს მედიაში მაინც გავრცელდა მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულ 34 პატიმარს შორის ერთ-ერთის ვინაობა - ეს არის ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე.
მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ბეჟანიძე შეწყალებულია.
საზოგადოებას კი ისევ გაუჩნდა კითხვა - რა ნიშნით იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს? პოლიციელის და არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულთა გარდა, კიდევ ვინ მოხვდა სიაში?
ასევე ნახეთ შეწყალებულთა სია კონფიდენციალურია - რა ვიცით პრეზიდენტის კრიტერიუმებზე?კახა კალაძე ამბობს, რომ ის იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას და მიიჩნევს, რომ შეწყალების წესი უნდა გადაიხედოს.
„მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა გადაიხედოს ეს საკითხი. როგორც მოვისმინეთ, პრეზიდენტს თავადაც აქვს ასეთი ინიციატივა“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
ამ შეწყალებას „არასწორ გადაწყვეტილებად“ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიც. მან თქვა, "არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოსო" და ჟურნალისტებთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა დარეგულირდეს, თორემ გარკვეული გადაცდომები, შესაძლოა ისევ განმეორდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს სამართლებრივად არა აქვს ვალდებულება მოსახლეობას აუხსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მისი დისკრეციული უფლების, შეწყალების გამოყენების დროს, ადვოკატი ზვიად კორძაძე, მაგალითად, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მაინც უნდა აწუხებდეს, რატომ არ ესმის საზოგადოებას ის, თუ რატომ შეიწყალა მან პოლიციელის ან არასრულწლოვნის მკვლელი:
„მე როგორც მოქალაქეს უნდა მესმოდეს, რატომ გაიღო ჩემი ქვეყნის მეთაურმა მოწყალება პოლიციელის და არასრულწლივანის მკვლელის მიმართ. არ მესმის!!! უნდა აწუხებდეს პრეზიდენტს, მე როგორც მოქალაქეს ეს რომ არ მესმის? ალბათ კი!!! - წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე ფეისბუკზე.
"მიღრმავდება ეჭვი რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო პატიმრების შეწყალებაზე ფულის კეთება. შეწყალების კომისია გაუქმებულია, კრიტერიუმები არ მოქმედებს, პრეზიდენტი არ ხსნის უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივებს. რა უნდა ვიფიქროთ თუ არა ის რომ ისევ დაიქოქა ფულის კეთებია დაზგა და ამის სათავეში სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაციაა?!" - ასე ეხმაურება პრეზიდენტის შეწყალების აქტს "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი.
ასლან ბეჟანიძის შეწყალებას „სამართლიანს, მაგრამ დაგვიანებულს“ უწოდებს მისი ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
„ეს დაგვიანებული შეწყალების ქრონიკაა. ბრძოლას არ ვწყვეტთ, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება“, -ამბობს ჩომახაშვილი.
დარღვევად კი ადვოკატი ბეჟანიძის გამამტყუნებელ განაჩენს მიიჩნევს, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა და რომელიც განსხვავდებოდა პირველი და მეორე ინსტანციების განაჩენებისგან, რომლის თანახმად, ბეჟანიძე დამნაშავედ ცნობილი არ ყოფილა.
უზენაესმა სასამართლომ კი ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ბეჟანიძის კიდევ ერთი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სამართლიანი სასამართლოს დარღვეულ უფლებაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელი არ არის.
„უზენაეს სასამართლოში ერთმა მოსამართლემ ბეჟანიძის გამამართლებელ განაჩენს მხარი დაუჭირა, ორმა კი, მათ შორის, ნინო გვენეტაძემ მხარი დაუჭირეს გამამტყუნებელ განაჩენს. რეალირად მოხდა ის, რომ ნინო გვენეტაძემ თავისი მოღვაწეობის ბოლო თვეებში უამრავ საქმეში შეასრულა პროკურატურის დაკვეთა. მათ შორის იყო ასლან ბეჟანიძის ბრალდების საქმე, რომელზეც მან ალოგიკური გადაწყვეტილება გამოიტანა“, - უთხრა ტარიელ კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.
ტარიელ კაკაბაძის სიტყვებით, მოწმეებს გამოძიებასთან თანამშრომლობის და ჩვენებების ბეჟანიძის წინააღმდეგ მიცემის სურვილი იმიტომ გაუჩნდათ, რომ ისინი თავად იყვნენ მხილებულნი სხვადასხვა დანაშაულებში და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გარკვეულ შეღავათებს ელოდნენ. კაკაბაძის თქმით, მათ შორის იყო განზრახ მკვლელობაში ბრალდებული შოთა შანიძეც, რომელიც საპროცესო შეთანხმებას ელოდა.
ჩვენს შეკითხვას, თუ ვინ მიმართა პრეზიდენტს ასლან ბეჟანიძის შეწყალებით მოთხოვნით, ტარიელ კაკაბაძემ დაზუსტებული პასუხი არ გასცა: თქვა, რომ მას ადვოკატის ეთიკის კოდექსი ავალდებულებს, დამატებითი კომენტარების გაკეთებამდე ბეჟანიძის ოჯახს მოელაპარაკოს.
დავით ოთხმეზური თბილისში 2004 წელს მოკლეს, თუმცა გამოძიება წლები გრძელდებოდა: ასლან ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ის 2016 წელს დააკავეს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.
გამოძიების ცნობით, მასა და გიორგი ოთხმეზურს შორის კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო და ოთხმეზურის მკვლელობის დასრულდა.
28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის იყო ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც.
სალომე ზურაბიშვილი მაშინაც გააკრიტიკეს, რის საპასუხოდაც პრეზიდენტს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია. მან თქვა, რომ საჭიროა დაჩქარდეს შეწყალების გამოყენების უფლების დახვეწის პროცესი საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობით, „იმისათვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს“.