20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი სოსო ბაჯელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორებიც დაეთანხმნენ.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებული სასამართლოს დარბაზშივე გათავისუფლდა.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მისი სიტყვებით, „მტკიცებულებების გამორკვევა არ სურს და ბრალდების მტკიცებულებებს არ ხდის სადაოდ“.

სოსო ბაჯელიძის ადვოკატის მერაბ წკრიალაშვილის განცხადებით, ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა და ჩვენებაც არ ჰქონდა მიცემული. მისი სიტყვებით, ბრალდებულის მიმართ „რაიმე იძულებას, შანტაჟს და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ აღიარების შემდეგ სოსო ბაჯელიძის საქმე ცალკე გამოიყოფა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ საპროცესო შეთანხმებით დასრულდება სოსო ბაჯელიძის საქმე. ბრალდების ნაწილში დღეს მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და დღეს დავიწყებთ მოლაპარაკებას. ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სოსო ბაჯელიძისთვის აღარ არის რელევანტური ამ სისხლის სამართლოს საქმის განხილვა. ის არ ითხოვს მოწმეების და დაზარალებულების დაკითხვას. შესაბამისად, დღეს ჩვენი პროცესზე ყოფნა აღარ იყო მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე მოვითხოვე საქმის გამოყოფა“, - განაცხადა მერაბ წკრიალაშვილმა.

სოსო ბაჯელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მას კონკრეტულად ედავება 20-21 ივნისის ღამით, პასიური საშუალებების - ფარისა და ჩაფხუტის წართმევას, რასაც ისიც აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი, ადვოკატთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.