ელენე ხოშტარია: მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი განწყობილია საბრძოლველად

ელენე ხოშტარია

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, - განაცხადა ე.წ. მატროსოვის ციხეში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მონახულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ ყოველი დღე პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის, არა მხოლოდ თავად ირაკლი ოქრუაშვილის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც გავრილოვის ღამეს დაიჭირეს, ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას.

ეს არის ის პოსტსაბჭოთა მეთოდები, რომელიც არ მთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. უსამართლობა ყოველთვის საბოლოო ჯამში ურტყამს უკან ისევ ხელისუფლებას.

აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ციხეშია, 17 ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მძევლები არიან“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. იგი ამბობს,რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჰქონდეს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ის 20-21 ივნისის ღამის საქმეზეა დაკავებული. ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.