საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება, მაგრამ არ ჰყავს პასუხისმგებლიანი და სერიოზული კერძო ინვესტორები.
გიორგი გახარიას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პასუხი აქვს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ მთავრობამ, პრაქტიკულად, გააგდო ანაკლიის პორტის ინვესტორები და ამის ოქმიც არსებობს.
„საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე - წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი“, - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და მას ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს.
„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს, სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს... ნუ, არ ვიცი, ამაზე კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ... სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას, ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღმრაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. და, რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს.
ხაზარაძის მტკიცებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს.
„12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონგ-კონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.