არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს

„ქართული ოცნება“ დარჩება მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდამჭერი, თუმცა ამ კონცეფციის ფარგლებში სამომავლოდ არ არის გამორიცხული მთავრობის სტრუქტურული ცვლილება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ განაცხადა 14 სექტემბერს რუსთავში, საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობის შესახებ არსებული მოსაზრებების კომენტირებისას.

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილება არის პოლიტიკური კონსულტაციების საგანი, ამას სჭირდება კომპლექსური ცვლილებები როგორც საბიუჯეტო, ასევე სხვა კანონებში, რაც სწრაფად და ერთბაშად ვერ მოხდება“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე და აგრძელებს - „სხვადასხვა სექტორთან, პროფესიულ ასოციაციებთან, ოპოზიციასთან კონსულტაციებს გავმართავთ“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დარგობრივი და ეკონომიკური მიმართულების საპარლამენტო კომიტეტებში პარლამენტართა ჯგუფს რამდენიმე დარგობრივი სამინისტროს შექმნის ან აღდგენის ინიციატივა აქვს, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით აქტუალური არ არის.

მამუკა მდინარაძის ვარაუდით, ამ ინიციატივას უმრავლესობის უმრავლესობა ამ ეტაპზე არ გაიზიარებს.