ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული,- ამის შესახებ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ინფორმირება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხორციელდება.
"ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია.
დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, წნელისის მახლობლად „სამხრეთ ოსეთის დროშა“ აღმართა და საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას არ აპირებს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო „უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არცერთი მხარის საგუშაგო არ იქნება