ვინ არიან „ლელოში“: ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის რამდენიმე წევრი ცნობილია

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია. როგორც რადიო თავისუფლებას მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს მოძრაობას შეუერთდა

ლევან ბოძაშვილი - იურისტი, კონსტიტუციონალისტი

დეა მეტრეველი - წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

საბა ბუაძე - იურისტი

გია გუგუშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორი, მხატვარი

ლევან კობახიძე - იურისტი

თინა მამულაშვილი - „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის დირექტორი

თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ქეთი მატაბელი - მხატვარი

მაია ჩიკვაიძე - მხატვარი

კახა კოჟორიძე - ადვოკატი. ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება.

ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს პროკურატურა "ფულის გათეთრებას" ედავება. მამუკა ხაზარაძეს თი-ბი-სი ბანკის მეორე დამფუძნებელთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2019 წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.