NGO-ები არ შეიყვანეს სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხზე იმუშავებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ სამუშაო ჯგუფში წევრებად არ მიიწვიეს.

ჯგუფის მიზანია, დაადგინოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ კომიტეტის სხდომაზე თავდაპირველად ჯგუფის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

„საუბარი იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფმა კომიტეტს ხელი უნდა შეუწყოს მხოლოდ კანდიდატის ასაკის, სტაჟისა და განათლების დადგენა/შეფასებაში, არის ნორმის ნაწილობრივ წაკითხვა. კანონის იმავე მუხლში გვიწერია, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლის კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია. ამიტომ სამუშაო ჯგუფი კომიტეტს ხუთივე საკითხის შესახებ დასკვნის მომზადებაში უნდა უწყობდეს ხელს", - განმარტა გიორგი მშვენიერაძემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, როგორც მშვენიერაძე ამბობს, კომიტეტის თავმჯდომარემ ფაქტობრივად ყველა აქტორი ჩამოთვალა, ვინც ჯგუფის წევრი უნდა გახდეს, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა.

მშვენიერაძის თქმით, კოალიაციიდან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელსაც სასამართლოს თემაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სამუშაო ჯგუფში არავინ აღმოჩნდა. „გაჯინიანება" კი არ გვაქვს, ჯგუფში თუ არ ვიქნებით, ქვეყანა დაიქცევაო - უბრალოდ თქვენ, რატომ მოგივიდათ ასეთი იდეა, რომ ყველა შეიძლება, იყოს ჩვენ გარდა", - მიმართა მშვენიერაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.

ოხანაშვილი პასუხობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევათ. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის ვალდებულება კი, ოხანაშვილის თქმით, კომიტეტს არ აქვს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს გაცხადებული პოზიცია გაქვთ, რომ დამოუკიდებლად ამოწმებთ თითოეულ კანდიდატს. ხო ასეა? თუ მეტყვით, რომ აშშ-ის სენატში არასამთავრობო ორგანიზაცია ჰყავთ სადმე ჩართული, მივიღებ, მაგრამ ასეთ რამეს ვერ იტყვით. იმიტომ, რომ ასე არ არის. პარლამენტის ექსკლუზიური უფლებაა შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეშვეობით წარმართოს ეს პროცესი. კომიტეტის ფარგლებში გექნებათ შეკითხვის დასმის უფლება", - უპასუხა მშვენიერაძეს ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფში პარლამენტის წევრების გარდა ერთიანდებიან: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.

ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს. 23 სექტემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას.

4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო, პარლამენტისთვის წარსადგენ სიაშიც.