ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ ამჟამად აზრი არა აქვს დისკუსიას ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ისე, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონზე.
„გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე]. ჩემი თვალსაზრისით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არა აქვს. ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილს, არც იმის მჯერა, რომ ეს იდეა დროულია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების თვალსაზრისით. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე საქართველოში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, - წერს აპატურაი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
10 სექტემბერს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატოში მიღების ისეთ მოდელს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი გავრცელებულიყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.