სუსი ადასტურებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების უკანონო სამუშაოებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყეში, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მიერ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ.

ეს საგუშაგო მოქცეულია ქართული სოფლების - ჩორჩანის, წაღვლის და ყობის თავზე, ტყის მასივში. ამ ტყისკენ კი გზა ოკუპირებული წნელისიდან გაიყვანეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ინფორმაციით, ამ ტყეში დე ფაქტო ხელისუფლებას ერთზე მეტი საგუშაგო უკვე აშენებული აქვთ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ შესაძლოა, ოკუპანტებმა ის გზა დაიკავონ, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგომდე მიდის.

„ოკუპაცია გრძელდება, ოკუპანტები მოიწევენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვფიქრობ, მათ სურთ ჩორჩანის ტყეში მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მისასვლელი გზის ოკუპირებაც. არის საშიშროება სოფელ ყობთან დოლომიტის საბადო მიიტაცონ, ეს საბადო რუსებს დასახელებული აქვთ პრიორიტეტებში, რომელსაც თავისად მიიჩნევენ“, - ამბობს დავით ქაცარავა.

მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ჩორჩანის მიმდებარედ სამი საგუშაგო მოაწყვეს.

„საგუშაგოების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გუშინ უკვე მესამე საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს იმ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. ეს ქმედებები მიმდინარეობს ხელისუფლების გაუგონარი დუმილის ხარჯზე“, - აცხადებს ლაშა ბერულავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. "საგუშაგო".

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - გვეუბნებიან სუს-ის პრესსამსახურში.