წინააღმდეგობის მიუხედავად, ირმა ინაშვილი კონფერენციას ესწრება

„დაპატიჟებული არ ვიყავი, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მაქვს უფლება, მოვიდე, გავაკეთო მოხსენება, მივიღო მონაწილეობა და მოვისმინო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე Now What?.

„ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, დაესწროს კონფერენციას? საქმე იმაშია, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ „პატრიოტთა ალიანსზე“, ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს. მე კონკრეტულად ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და მინდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაკეთო განმარტება და ავხსნა, ვინ ვართ ჩვენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები და კონფერენციის ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი სთხოვდნენ დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა დეპუტატი მათ არ დაემორჩილა. ირმა ინაშვილი ამ დროისთვის ღონისძიებას ესწრება.

სამართალდამცავებმა კონფერენცია დაატოვებინეს „ობიექტივის“ ჟურნალისტს, გიორგი კასრაძეს.

„ეს ადამიანი ცდილობდა, რომ კონფერენცია ჩაეშალა. მე ვფიქრობ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. დღევანდელი ეს პანელი ეძღვნება იმას, როგორც ცდილობს რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებას ამ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩაშლა გამიზნული იყო ამ პანელის ჩასაშლელად. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ის, ვინც შეეცდება, რომ კონფერენცია პროვოკაციების საშუალებით ჩაშალოს, დაცვის ძალით იქნება გაყვანილი ადგილიდან“, - განაცხადა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა გრძელდება.​