ადმინისტრაცია: მოისწრაფიშვილის განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობას

ხატია მოისწრაფიშვილი

პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ხატია მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ პრესსპიკერს პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება მოეთხოვება.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სიტყვიერად 4 სექტემბერს გააფრთხილეს, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 10 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ხატია მოისწრაფიშვილმა ადმინისტრაციისგან პრესსამსახურში მუშაობის გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ „სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა“.

თავად მოისწრაფიშვილი დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აცხადებს რომ ინციდენტი ამოწურულად უნდა ჩაითვალოს.

"მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის".- წერს ხატია მოისწრაფიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერად სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მუშაობდა. პრეზიდენტმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე კომენტარი თავად არ გააკეთა.