ანდერს ფოგ რასმუსენი: გასათვალისწინებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ასპექტი

ანდერს ფოგ რასმუსენი

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, არამხოლოდ სამხედრო სექტორში, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომლის შეფასებითაც საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში.

ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ასპექტი, როგორც საქართველოში, ასევე ნატოს შიგნით. ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხია:

თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება?

ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“, - აღნიშნა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი არსებობდა გერმანიაში, როცა ორად გაყოფილი ქვეყნის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი გაწევრიანდა ალიანსში 1955 წელს.

ნატოს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს, ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთი გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს როგორც საქართველოში, ისე ნატოში.

თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დე ფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, - აღნიშნა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე“.