პუტინმა და რუსეთის მმართველმა პარტიამ წარუმატებლობა განიცადეს მოსკოვის არჩევნებზე

რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი წარუმატებლობა განიცადა მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში - რასაც მოწმობს 9 სექტემბრის კენჭისყრის წინასწარი შედეგები. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდა კენჭისყრის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისეული სტრატეგია.

8 სექტემბერს რეგიონული და ადგილობრივი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა, თუმცა ყურადღება კონცენტრირებული იყო დედაქალაქზე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატის კენჭისყრაზე არდაშვებამ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მისცა ბიძგი.

„ედინაია როსიას“ კანდიდატებმა მოსკოვის საქალაქო სათათბიროს 45 ადგილიდან 25 მოიპოვეს, რითიც ისინი უმრავლესობას ინარჩუნებენ, თუმცა ეს შედეგი ნაკლებია წინა, 2014 წლის არჩევნებზე მოპოვებულ 38 მანდატზე. კომუნისტური პარტია 13 მანდატს დაეპატრონება. ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ - სამს, ასევე გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც „იაბლოკო“ უჭერდა მხარს. „სამართლიან რუსეთს“ სამი ადგილი ერგო. ეს სამი პარტია ოპოზიციაშია, თუმცა ხშირად უჭერს მხარს კრემლის ინიციატივებს.