თბილიში, კუკიის ძველ სასაფლაოზე შესვლისას თუ ჭიშკრიდან მარჯვნივ გაიხედავ, საფლავების რიგში, ხეებს შორის ქალის ქანდაკებას შენიშნავ.
თუ მარცხნივ გაიხედავ - ანგელოზს დაინახავ.
ორივე ძველი საფლავია - გაზრდილ ხეებს შორის სანახევროდ ჩაკარგული, ალაგ-ალაგ ხავსმოდებული და ნაწილობრივ ჩამოშლილი - ხვდები, ცოტაც და, შეიძლება ორივე საერთოდ გაქრეს.
ამბობენ, რომ კუკია თითქმის ოთხი საუკუნისაა - უამრავი ძველი საფლავია უკვე დაკარგული, ცხაურები გამქრალი, ქანდაკებები დაზიანებული, ორნამენტებიანი ქვები დაკარგული, მაგრამ რაც ძველი საფლავებიდან დარჩა, მათ შორის ჯერ კიდევ იძებნება ევროპული არქიტექტურული სტილის - მოდერნის იგივე არ ნუვოს გავლენა.
„აი, ესეც მოდერნია“, - ამბობს არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ხელმძღვანელი ნესტან თათარაშვილი და ცდილობს საფლავზე გადავლილი ბალახი და ბუჩქები იქაურობას როგორმე მოაშოროს, მერე კი დღემდე შემორჩენილი მოდერნის სტილის საფლავები ფოტოზე მაინც გადაარჩინოს.
ნესტანი ახლა მუშაობს კულტურულ მარშრუტზე საქართველოს მოდერნი. ამ მარშრუტის ძიებამ ის ძველ სასაფლაოებამდეც მოიყვანა.
ამ მემორიალური ძეგლებს, არც კუკიაზე, არც ვერის ძველ სასაფლაოზე, არც ნავთლუღში, ებრაელთა სასაფლაოზე და არც არსად მთელ საქართველოში, არა აქვს მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ მათ კანონი არ იცავს. თუ საფლავს პატრონი არ უვლის, მისი დაცვის ვალდებულებაც არავის აქვს.
რატომ არის ეს საფლავები გამორჩეული?
Your browser doesn’t support HTML5
ნესტან თათარაშვილი გვიამბობს, რომ გარდა ამ მემორიალური ძეგლების ზოგადი ეთნიკური, ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობისა, ისინი კონკრეტული, ექსკლუზიური სტილის, მოდერნის მაგალითებია.
ამ სტილმა სულ რაღაც 20-30 წელი იარსება, ბევრ ქვეყანაში არც გავრცელებულა, მაგრამ თავისი მკვეთრი კვალი დატოვა.
„ჩვენთვის ქართველებისთვის, ამ სტილის არსებობა ნამდვილად ევროპულ კულტურასთან ინტეგრაცის ნიშანი იყო“.
Your browser doesn’t support HTML5
მოდერნის სტილით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში, თბილისსა და მის გარეთ, სახლებს იშენებდნენ ცნობილი და შეძლებული ადამიანებიც და საშუალო ფენის ხალხიც.
მოდერნს იყენებდნენ რეკონსტრუქციის დროსაც - ხან ამ სტილის აივანს მიაშენებდნენ, ხანაც კიბის უჯრედზე ჩნდებოდა არ ნუვოს რაიმე მოტივი.
ამ სტილმა არქიტექტურაში მოტივები შემოიტანა - ბუნების მოტივი, მცენარეული ელემენტები, ქალის სახეები... ნესტან თათარაშვილი მოგვითხრობს, რომ ეს ის - თავისუფლება იყო, რომელიც საქართველოში მაშინ ძალიან სწყუროდათ:
„ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდეც, ვინ რამდენად განსხვავებულ სახლს აიშენებდა, ვის სახლს რა განსაკუთრებული დეტალი იქნებოდა“, - გვითხრა ნესტან თათარაშვილმა.
და ამ მხრივ, როგორც ჩანს, არც სასაფლაოები იყო გამონაკლისი. მოდერნის მიმდინარეობამ ცოცხალიდან არაცოცხალ სამყაროშიც გადაინაცვლა.
„როგორც თავიანთი სახლებში სურდათ ჩვენს თანამემამულეებს თანამედროვე და ევროპული ელემენტები, პატივს მიაგებდნენ მიცვალებულებს და მათ საფლავებსაც ასე აკეთებდნენ. ეს იმის დატური იყო, რომ ჩვენ ფეხს ვიწყობდით ევროპას. ასეთ მოდერნის სტილის მემორიალურ ძეგლებს შეხვდებით ბელგიაში, საფრანგეთში, სხვა ევროპულ ქალაქებშიც. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მხოლოდ თბილისის ძველ სასაფლაოებზე არ გვხდება, თბილისს გარეთც იპოვი ასეთ მაგალითებს, თუნდაც ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე“.
ძველ საფლავებს სწავლობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეკატერინე კვაჭატაძე ამბობს, რომ როდესაც კვლევა დასრულდება და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სურათი ექნებათ, ამ მემორიალური ძეგლების ნაწილს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ.
„თუ მათ ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ, ასე ხელაღებით სასაფლაოებიდან აღარ გადაყრიან. ისე, როგორც ეს, მაგალითად, ვერის სასაფლაოზე მოხდა - ჯერ კიდევ 2000 წელს იქ უამრავი ასეთი სასაფლაო არსებოდა, ფოტოებიც მქვს გადაღებული, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ისევ ავედი და მხოლოდ რამდენიმე დამხვდა“.
არადა, მკვლევარი ამბობს, რომ ასეთი ძველი სასაფლაოები ხშირად ფასდაუდებელ ინფორმაციას ინახავს. ზოგჯერ ისეთსაცმ რაც ქალაქის ფასადებიდან უკვე გაქრა.
„საფლავის ქვა - ისტორიაა. სასაფლაო - მეხსიერების ადგილი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ეპოქის ნიშანი, ეპოქის გემოვნება. ერთხელ, დათო ტურაშვილმა თქვა, რომ აქ, სასაფლაოზე ადამიანი ყველაზე თავისუფალი იყო და საფლავის ქვასთან მიმართებით აკრძალვაც ნაკლები იყო. ამიტომაც იყო, რომ აქ მოიპოვეს კიდეც შემოქმედებითი თავისუფლება იმ ოსტატებმა, ვინც ამ საფლავებს აკეთებდნენ“, - ამბობს ეკატერინე კვაჭატაძე.
თუ შუასაუკუნეების ქართული საფლავების ქვები უფრო სადაა და მასზე შესაძლოა, მხოლოდ ეპიტაფია ეწეროს, ან ჯვარი, მშვილდ-ისარი, ხმალი, ან გუთანი იყოს ამოკვეთილი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის საფლავები უფრო თამამია და იქ ხანდახან ევროპულ მოდერს ქართული ორნამენტებიც ერწყმის.
მოდერნის სტილის ელემენტებიანი საფლავების გარდა თბილისის ძველ სასაფლაოებზე მხატვრულად საინტერესო სხვა საფლავებს და აკლდამებსაც ნახავთ - ზოგი აღმოსავლური არქიტექტურული სტილის გავლენითაა აშენებული, ზოგიც გამოკვეთილად ქართულია.
ძველი სასაფლაოები მსოფლიოს ბევრი ქალაქის ტურისტულ რუკაზეა საგანგებოდ მონიშნული და იქ შესასვლელად დამთვალიერებლებს ხშირად გრძელ რიგშიც ჩადგომაც უწევთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში შემორჩენილი გამორჩეული სასაფლაოების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია - მოსაყოლი მათზეც ბევრია.