„თქვენც ზუსტად ისე გაგისტუმრებთ ივანიშვილი, როგორც გაისტუმრა დღეს თქვენს რიგებში მჯდომი ჰაკიმ ფაშა, ერთი ტელეფონის ზარით ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან, რომელიც ასევე გვერდით გიზით ისე, რომ ბატონმა ჰაკიმ ფაშამ არც კი იცოდა ამის შესახებ“, - უთხრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.
„მერწმუნეთ, ბატონო გიორგი, თქვენც ასეთივე ნომინალური პრემიერ-მინისტრი იქნებით, რომელსაც არანაირი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება ივანიშვილის გარეშე არ გააჩნია“, - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს შეკითხვებს უსვამენ და მკვეთრად გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილებებისა და მთავრობის მეთაურად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელების გამო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეხვედრა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან დაიწყო ვიდეოკლიპით „გახარიას უხარია“.