ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე - მე შეიძლება მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა

შს მინისტრობის კანდიდატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლოების პროტესტისას შესაძლოა მას მეტი სპეცრაზმელი შეეყვანა ვიდრე იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გიორგი გახარიამ შეიყვანა.

ამასთან, მისი სიტყვებით შეცდომა ის იყო, რომ ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა მოსახლეობასა და კომპანიასთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი, ამის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ - თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა,პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. მე ეს განვაცხადე და არა ის რომ, ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა, ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე ეს შეცდომაა. მე არ ვიტყვი რომ ეს შსს-ს შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. ასევე, იმ კომპანიასაც რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა, თუმცა, როდესაც შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უდნა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ ხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია.