დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, წნელისთან ე.წ. საზღვარზე "სამხრეთ ოსეთის დროშა" აღმართეს

ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს ტერიტორიიდნ ჩანს ოკუპირებული სოფელი წნელისი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა ოკუპირებული სოფლის, წნელისის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა. ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს განაცხადა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა, რომელიც საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე ამ ქმედებას უწოდებს ქართული მხარის პროვოკაციის საპასუხოდ მიღებულ გამაფრთხილებელ ზომას და მშვიდობიან, ჰუმანიტარულ ოპერაციას, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეთა უსაფრთხოების და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხარის პროვოკაციად მიიჩნევს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონში პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. ჩორჩანა ოკუპირებულ წნელისს ესაზღვრება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ჰუმანიტარული ოპერაცია „პრეზიდენტის,“ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ტარდება და „სამხრეთ ოსეთელი მესაზღვრეების“ მოქმედება საფრთხეს არ უქმნის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების, ჩორჩანის და კობის მცხოვრებთ.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნით, სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც რუსებთან ერთად იცავენ ალანიის სახელმწიფოს მიჯნას, მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფენ“ - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

აგვისტოს ბოლოს, საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია. დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ჩატარდა ორი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ წნელისთან საგუშაგოს თავადაც გახსნის.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის გადატანას არ აპირებს.