„საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება ძალიან“, - დაწერა 4 სექტემბერს ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ფეისბუკზე მორიგი სასამართლო სხდომის წინ, რომლის პირისპირ თამარი უკვე უადვოკატოდ არის დარჩენილი და ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად ასე აგრძელებს.
მესამე წელი დაიწყო, რაც თამარ მეარაყიშვილი შინაპატიმრობაშია და დახმარებას და ყურადღებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან.
ასევე ნახეთ შინ, ახალგორში - გადაადგილების უფლების გარეშე4 სექტემბერს, ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ისევ დაიწყო მეარაყიშვილის საქმის განხილვა. პირველი სხდომა ახალგორში ჩატარდა. ფინანსების უქონლობის გამო უადვოკატოდ დარჩენილი სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ თუ ამჯერად ბრალი დაუმტკიცდება, მას პატიმრობა ელის.
2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ.
2019 წლის 10 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს მოუხსნა ყველა ბრალდება და შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე.
თუმცა, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ ეს ინსტანცია ახალგორელი მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს.
ყველა პროცესი (სულ 5), რომელიც თამარ მეარაყიშვილმა აქამდე მოიგო, გენპროკურორის წინააღმდეგ მის საჩივარს ეფუძნებოდა. მეარაყიშვილი აპროტესტებდა მის წინააღმდეგ უკანონოდ აღძრულ საქმეს და ამბობდა, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით იყო ნაკერი.
პროცესი ამჯერად მოწმეების დაკითხვით გრძელდება და 4 სექტემბერს სწორედ მათი ნაწილი (15-მდე მოწმე) დაკითხეს.
როგორც თამარ მეარაყიშვილი მოუთხრობს რადიო თავისუფლებას, მათმა ნაწილმა, ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, სასამართლოს სულ სხვა ჩვენება მისცა - მაგალითად თქვეს, რომ არ იციან, თუ ვინ არიან პოლიტიკური პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრები.
სწორედ ამ პარტიის წევრები უჩივიან მეარაყიშვილს ცილისწამებისთვის.
„დღეს სასამართლოზე ერთ-ერთმა მოწმემ ისიც კი თქვა ჩემზე, ეს ადამიანი ჭუჭყს სცხებს რესპუბლიკას და საერთოდ საქართველოში წავიდეს, აქ რა უნდაო. მე მას ვკითხე, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვთ დავით გურწიევთან-მეთქი? და მან მიპასუხა, ჩემი დისშვილიაო. პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, დავით გურწიევი, ვფიქრობ, ამ საქმის მთავარი შემოქმედია. და სიცოცხლის ხელყოფაზე რა მუქარაც კი მიმიღია აქ ყოფნისას, უმეტესობა სწორედ მისგან მოდიოდა. მან პირდაპირ უთხრა დედაჩემს, წავიყვან და თქვენს შვილს ვერასდროს ვეღარ ნახავთო“.
გავიხსენოთ, რომ დავით გურწიევი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და ქართველი სამართალდამცავების მიერ წითელი ცირკულარით იძებნება.
მოწმეებმა 4 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ასევე თქვეს, რომ მათ საერთოდ არ მოუსმენიათ „ეხო კავკაზას“ ის გადაცემა, რომელმაც თითქოს 2017 წელს საშინლად აღაშფოთა ისინი, და რომ ამ მედიასაშუალებას საერთოდ არ კითხულობენ.
მოწმეების და დაზარალებულების დაკითხვა ცხინვალის სასამართლოში შემდეგ პროცესებზეც უნდა გაგრძელდეს, თუმცა თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებას უზიარებს, რომ უადვოკატოდ თავის დაცვა მისთვის საშინლად რთულია.
„დღეს, მაგალითად, მოსამართლე რაღაცაზე მეუბნებოდა, რომ ასე უნდა მოვიქცეთო, მე არ ვიცოდი, პროცესუალურად ეს კარგი იყო ჩემთვის თუ ცუდი და მაინც ვეთანხმებოდი. არ ვიცი ეს რას მომიტანს, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს“.
თამარ მეარაყიშვილს არაერთგზის უთქვამს და ახლაც იმეორებს, რომ მთელი ეს პროცესი, სასამართლო პროცესების ხელახლა დაწყებაც არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი კიდევ უფრო დიდი ხნით იზოლაციისა და გაჩუმებისკენ მიმართული. ამბობს, რომ მაინც მხნედ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა ადვოკატთან ერთად ებრძოლა.
„მე ადვოკატის ფულს სულ ფეისბუკით, მეგობრებისგან ვაგროვებდი. მაგრამ ამჯერად პირველი ინსტანციისთვის იმდენად დიდი თანხა იყო საჭირო, რომ სირცხვილით, ამჯერად ვეღარც კი დავწერე“.
თამარ მეარაყიშვილს გული სწყდება, რომ მისი საკითხი არ არის ცნობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მისი ფეისბუკმეგობრების გარდა.
„არ არის ცნობილი იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მაქსიმალურად მიჩქმალოს ეს ამბავი. მათ არ გამოუყენებიათ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი. კი ამბობენ, რომ ჟენევაში დავაყენეთ ეს საკითხიო, მაგრამ გაუჭირდებათ მიპასუხონ, რომელ რაუნდში დადგა დღის წესრიგში ჩემი საკითხი? მესამე წელია დაიწყო, რაც ამ დღეში ვარ და მხოლოდ სამჯერ მახსენეს ერგნეთის შეხვედრებზე“.
თამარ მეარაყიშვილს ჩვენ გვკითხეთ, მისი აზრით, რა არის ხელისუფლების პასიურობის მიზეზი მისი ამბის მიმართ, რაზეც სამოქალაქო აქტივისტმა ასე გვიპასუხა:
„მე ასე მგონია: თუ მე აქ რამე დამემართება, და თავისუფლად შეიძლება, რომ ერთ დღეს ფსიქიკურად შერყეულმა გავიღვიძო, ან თუ მე ვეღარ გავუძლებ და თავს მოვიკლავ, თუ მომკლავენ ან უბრალოდ, გაურკვეველ სიტუაციაში მოვკვდები, ამაზე მერე ბევრს ილაპარაკებენ სახელმწიფოს წარმომადგენლები და მერე უკვე მართლა ილაპარაკებენ. მერე ამაზე ოსები იტყვიან, რა უფლებით ლაპარაკობთ ასეო, მერე ზეწოლას მოახდენენ და მართლა „საკითხი“ გავხდები. მე ცივილიზებული ბრძოლა ვარჩიე, ადვოკატით ბრძოლა, რომ მერე, ადგილობრივებს ეთქვათ, ნახეთ სასამართლოს გზით ბრძოლას აზრი აქვსო. რაც უკვე დავამტკიცე კიდეც ჩემი წარმატებული პროცესებით. და ამიტომაც მგონია, რომ ჩემი უადვოკატოდ დარჩენა ძალიან დიდ უსინდისობას ნიშნავს“.
სამოქალაქო აქტივისტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის ადამიანები (მათ ვინაობას ის ღიდ არ ასახელებს), ვინც წესით, მის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, სწერენ, რა აზრი აქვს, მანდ ადვოკატი გეყოლება თუ არა, ეგენი ხომ მაინც თავისას გაიტანენო.
„მე კი მათ ვპასუხობ, რომ სირცხვილია, რომ თუნდაც შეშის ფულს სხვები მიგროვებდნენ. ისიც კი არ უთხოვია ჩემთვის, სახელმწიფოს, რომ ერთი დოკუმენტი გამეგზავნა მათთვის, რომ წაეკითხათ, რა ბრალდებას მიყენებდნენ. არ მესმის, რატომ არ აინტერესებთ არაფერი? არც ტელეფონზე მპასუხობენ და არც მესიჯებზე, არც რეგისტრირებულ წერილებზე, რა ვიფიქრო?“
თამარ მეარაყიშვილს ამ ეტაპზე არც ახალგორის დატოვება შეუძლია. მას არა აქვს არანაირი საბუთი. ქუჩაში რომ გამაჩერონ, იმასაც კი ვერ დავამტკიცებ, ვინ ვარო, გვითხრა მან.
ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას თამარ მეარაყიშვილი იმიტომაც განიცდის, რომ მისი თქმით ეს არ არის მისი პირადი დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან - მისი სიტყვებით, მას დევნიან იმ სიმართლის გამო, რომელზეც ის ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა.
„ჩემი ოჯახი არაფერს ითხოვს ხელისუფლებუსგან. მხოლოდ ყურადღებას, გვკითხონ, რამე ხომ არ გვიჭირს. ჩვენ ვეტყოდით, არა, დიდი მადლობა“.
მორიგი სასამართლო სხდომა ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ მომდევნო ოთხშაბათს გაიმართება. თამარ მეარაყიშვილი იქ ისევ მარტო, უადვოკადოდ მივა.