პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა კელი დეგნანი.
კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და ამჟამად მსახურობს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.
მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.
25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.
კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ფილოსოფიის დოქტორია და აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.
აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.