ბევრი რამის სამინისტრო

მინისტრთა ახალ კაბინეტში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 3 სექტემბერს წარუდგინა პარლამენტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ბატიაშვილია დასახელებული.

ამ ამბამდე ერთი დღით ადრე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ, სტრუქტურებსაც შეხებოდა - ამჯერად საუბარი იყო განათლების სამინისტროს დაშლაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობით, ერთი წლის შემდეგ გაერთიანებიდან, ამ სამინისტროს, ისევ ჩამოშორდებოდა კულტურის სამინისტროს ნაწილი.

ისიც თქვა, რომ კულტურის მინისტრის პორტფელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე ჩაიბარებდა, რომელიც 30 აგვისტოს მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მან ამ პოსტზე მიხეილ გიორგაძე ჩაანაცვლა. თუმცა, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ასევე არ ადასტურებენ განათლების სამინისტროში.

„ჯერ არაფერი ვიცით, ამაზე სამინისტროში კომენტარი არ კეთდება“

ასე უპასუხეს რადიო თავისუფლებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. არ დაგვიდასტურეს არც მედიით გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა სამინისტროს რეორგანიზაციის და კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე.

თუმცა, რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ (სამინისტროების თანამშრობლებმა) დაუდასტურა, რომ უკვე კარგა ხანია მიდის საუბარი ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციის შედეგად გაერთიანებული სამინისტროს ისევ გაყოფაზე.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს მოსაზრებით, გაერთიანებული სამინისტროების იდეამ არ გაამართლა. ის ჩამოთვლის რამდენიმე ფაქტორს, რაც ხელს უშლის სამინისტროს გამართულად მუშაობას და რაზეც სამინისტროს არაერთი თანამშრომელი ჩივის. მათ შორის, ჩვენი წყაროს თქმით, არის ის, რომ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფაქტობრივად, ვერ იცლის ვერც სპორტისთვის და ვერც კულტურისთვის.

სამინისტროების გაერთიანების შედეგად შეჩერდა არაერთი პროექტი. გართულდა თანხების ბრუნვა. გაიზარდა ბიუროკრატია - მაგალითად, მარტივ განცხადებაზე პასუხის გაცემას და მინისტრის ხელმოწერას ზოგჯერ მთელი თვე სჭირდება, რაც საქმეს აყოვნებს, რეორგანიზაციის შედეგად, ბუნდოვანია ცალკეული კადრების მოვალეობები.

ჩვენი რესპოდენტის თქმით, ამას ემატება საბუთების გაუთავებელი ტარება კულტურისა და განათლების სამინისტროების შენობებს შორის - დოკუმენტში რაიმე შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საჭირო ხდება მისი ისევ უკან წაღება, შემდეგ დაბრუნება, შესწორება, რაც, ცხადია, საერთო ჯამში, სამუშაო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს.

„ჩემი შეთავაზება კულტურის და ტურიზმის სფეროების გაერთიანება იყო“

სტრუქტურული ცვლილებებზე, სავარაუდოდ იქნება საუბარი 4 სექტემბერს პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტროდან კულტურის სფეროს გამოყოფის ნაწილზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მისი თქმით ის შარშანაც ეწინააღმდეგებოდა უწყებების გაერთიანებას, დღეს კი მათ ისევ დაცალკევებას მხარს დაუჭერს.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე

ჯაში ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა კულტურა და ტურიზმის სფერო გაერთიანებულიყო ცალკე სტრუქტურად და აი, მისი არგუმენტიც:

„საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, კვლავ ცდილობენ შეინარჩუნონ კულტურის უწყებები ცალკე სამინისტროებად, რადგან ეს მათ აძლევს კულტურის სფეროს უფრო მაღალი პოზიციონირების შესაძლებლობას. როდესაც ოპტიმიზაციაზე დაიწყო საუბარი, ჩემი შეთავაზება იყო, რომ კულტურისა და ტურიზმის სფეროები შეგვერწყა, რაც ბევრ ქვეყანაში მუშაობს წარმატებით, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადების 75% სწორედ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება. თუ ეს საუბარი დაიწყება, მე სიამოვებით დავუჭერ მხარ ამ ინიციატივას და ხვალვე, კომიტეტის სხდომაზე გვექნება საუბარი მინისტრთან ამ საკითხზე“, - გვითხრა მარიამ ჯაშმა.

რა მოუტანა „მცირე მთავრობის“ იდეამ განათლების სამინისტროს?

პირველ რიგში, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სფეროების ერთი მინისტრის ქვეშ დაქვემდებარება.

ამ იდეით (14 სამინისტროდან 11-მდე შემცირება) უკვე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე 2018 წლის ზაფხულში გამოვიდა და პოსტიდან წასვლის შემდეგაც ის ამას თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს.

ესაა კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მთავრობის ხარჯს მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯი ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3%. „მცირე მთავრობის" კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ- 3,9 %-ს“, - ამბობდა მაშინ მამუკა ბახტაძე.

მცირე მთავრობის სქემა კი ასეთი იყო:

ამ გაერთიანებამდე სტრუქტურული ცვლილებები ერთი წლით ადრე, 2017 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროსაც განხორციელდა და მაშინ, დამოუკიდებელ სამინისტროდ არსებობა შეწყვიტა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ის კულტურის სამინისტროს შეუერთეს.

ასევე ნახეთ შემცირებული და განახლებული

ორი თვალსაზრისი

რას მოიტანს სამინისტროს ისევ დაშლა და რა მოიტანა თავის დროზე შეერთებამ?

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ პირობებში, როცა როდესაც უცნობია მიზანი, საშუალებაზე მსჯელობას აზრი ეკარგება - თავის დროზე სამინისტროების გაერთიანებაც (ისევე როგორც თავად მცირე მთავრობის კონცეფცია) და დაშლაც საშუალებაა.

Your browser doesn’t support HTML5

განათლების მინისტრები ერთი წინადადებით

მთავარი, მისი სიტყვებით, მართვის მოდელია. თუმცა დღეს, რა ცვლილებაც არ უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, სიმონ ჯანაშიას აზრით ყველა ცვლილება არჩევნების მოლოდინთან მიმართებით უნდა შფასდეს და არა სტრატეგიულ და გრძელვადიან გეგმებთან კავშირში.

„ხოლო ის, რომ ბევრი რამ კულტურული სფეროდან ვერ ჩაჯდა პრიორიტეტებში, შესაძლოა იმის ბრალიც იყოს, რომ ადამიანები, ვინც დღეს მართავენ ამ სამინისტროს, ძირითადად ნამუშევარნი არიან განათლების სფეროში და ესეც შესაძლოა იყოს მიზეზი“.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია კი, რომელიც სამინისტროების გაერთიანების იდეას არ ემხრობოდა, დღეს კულტურის სამინისტროს შესაძლო გამოყოფის თაობაზე ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით მხოლოდ ერთი რამ გახდება კონკრეტული - თუ რაღაც არ თუ ვერ განხორციელდება, გამოიკვეთება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

„მაგრამ თუ უცვლელები იქნებიან ადამიანები და უცვლელი იქნება კულტურის პოლიტიკა, დიდი მნიშვნელობა არ ექნება ინსტიტიციურ მოწყობას. სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც დღეს ამ სფეროში ხდება არის ის, რომ ქაოსი იქცევა უფრო დიდ ქაოსად. შედეგად კი ვერაფერს ვიღებთ. ამ ქაოსში, მაგალითად, ჩვენ ვერ ვამჩნევთ, თუ როგორ ფინანსდება დიდი პროექტები, რომელსაც არ მოსდევს ამ თანხის შესაბამისი სარგებელი არც საზოგადოებისთვისდა და არც ხელოვანებისთვის. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რომ სახელმწიფოს მიერ ერთი სპექტაკლი შეიძლება დაფინანსდეს 400 000 ლარით...“

სოფო კილასონიას დიდი მოლოდინი არც კულტურის სფეროში განათლების მინისტრის ახალი მოადგილის, ბადრი მაისურაძის მიმართა აქვს და ამბობს, რომ ის „არაჩვეულებრივი ტენორია“, მაგრამ კულტურის მენეჯერად თავი არ გამოუჩენია.

„მან მხოლოდ იმით გამოიჩინა თავი, რომ საოპერო დასს დღეს არ გააჩნია რეპერტუარი და ჩემი აზრით, მან საავტორი თეატრის ისტორია შეწყვიტა, თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა“.

Your browser doesn’t support HTML5

"მცირე მთავრობის" კონცეფცია და კულტურის სამინისტრო

სოფო კილასონია შენიშნავს, რომ თავის დროზეც, როდესაც კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდეს, საზოგადოებამ ეს ფაქტი იმიტომ არ გააპროტესტა, რომ ეს უწყება, საყდრისის, პანორამა თბილისის და სხვა არაერთი პროექტის გამო ვერ სარგებლობდა ამავე საზოგადოების სიმპათიით და სამინისტროს "არაპოპულარული და დანაშაულებრივი პროცესის ავტორადაც კი მოიაზრებდა".

თუმცა ხელოვნებათმცოდნის შეფასებით, მისი გაერთიანებით უფრო უარესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ამას საზოგადოება ელოდა.

ერთ მაგალითად ისიც კმარა, რომ სტრუქტურულმა ცვლილებებმა და ადამიანების ერთი დეპარტამენტიდან მეორეში გადაყვანამ, შეაფერხა მუშაობა ასოცირების ხელშეკრელებით ნაკისრ, სახელწმიფოს კულტურული განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელსაც ცალკეულ დარგებში სამოქმედო გეგმები უნდა მოჰყოლოდა.

„ეს დოკუმენტი ჰაერში დარჩა. არადა, მის მომზადებაში დაიხარჯა ბევრი დრო, ფული და რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მასზე მუშაობდნენ კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტში, უცებ სულ სხვა სფეროებში გადანაწილდნენ და დასაქმდნენ. მაგალითად, სასკოლო განათლების დეპარტამენტში. და სამწუხაროა ისიც, რომ თავად მინისტრი ბატიაშვილი საერთოდ არ იცნობს კულტურის სფეროს“.

სოფო კილასონია ფიქრობს, კულტურის სამინისტრო, არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე კონკრეტული დროის პოლიტიკური ელიტის პერიფერიებში აღმოცენებულ საზოგადოებას, როგორც მმართველი პარტიის გამარჯვებაში ღვაწლმოსულ საზოგადოებას, რომელიც სანაცვლოდ მუდამ იღებდა (და იღებს) სხვადასხვაგვარ ბონუსებს. შემდეგ კი მოდიოდა არჩევნები და პოლიტიკური ძალა ისევ ითხოვდა მხარდაჭერას:

„ეს იყო და არის დაუსრულებელი პოლიტიკური წრე“, - გვეუბნება სოფო კილასონია.