უკრაინის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და შეზღუდა სახალხო დეპუტატთა ხელშეუხებლობა

უკრაინის პარლამენტმა 3 სექტემბერს ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და შეზღუდა სახალხო დეპუტატთა ხელშეუხებლობა. გადაწყვეტილებას 373-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საჭიროზე 73-ით მეტმა.

30 აგვისტოს კანონპროექტი პირველი წაკითხვით მიიღეს. ამჟამინდელი დებატებისას კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ მხოლოდ პრორუსული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, დეპუტატები. ფრაქციამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

კანონპროექტი წინა მოწვევის უმაღლეს რადაში შეიტანა უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ის ითვალისწინებს დეპუტატთა დაპატიმრებას, დაკავებას ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ისე, რომ ამისთვის არ იქნება საჭირო პარლამენტის თანხმობა.