პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილებას პარლამენტმა დღეს უყარა კენჭი.96 ხმით ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით თავად მიმართა.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა ეს საკითხი და მიიჩნია, რომ მას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, აღნიშნნული დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს, აქედან გამომდიმდინარე წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა ქვეპუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტი ადგენს: ზაქარია ქუცნაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამისილება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა,

დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.