ვოლსკი გავრილოვზე: აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მედიამ მისი შეფასებები აიტაცოს

მმართველი პარტიის დეპუტატი, გია ვოლსკი ეხმაურება რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გამოიჩენს სიმამაცეს რუსეთთან ღია ურთიერთობებზე გადასასვლელად და ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, ქართულმა მედიამ მისი განცხადებები აიტაცოს.

გია ვოლსკის თქმით, მან არ იცის, თუ "რა მოლოდინები გაჩნდა ოკუპანტ ქვეყანაში" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენის შემდეგ.

"ოკუპანტ ქვეყანაში რა მოლოდინები გაჩნდა, არ ვიცი. ოკუპანტი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თავისი სტრატეგიით მოქმედებს. რა საკვირველია, რუსეთის ერთ-ერთი ჩინოსანი, გავრილოვი, თავის შეხედულებებს აჟღერებს და აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მედიამ მისი შეფასებები აიტაცოს და წარმოადგინოს, როგორც აუცილებელი საპასუხო კომენტარი",- თქვა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ.

სერგეი გავრილოვმა 2 სექტემბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომსაქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს და აღნიშნა, რომ ეს არის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.