მოსკოვში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობს. ოპოზიციის აქტივისტები არ დაემორჩილნენ მთავრობის გაფრთხილებას და მაინც გამართეს საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც ქალაქის სათათბიროს მოახლოებულ არჩევნებს ეხება.
31 აგვისტოს დემონსტრაცია მორიგი ღონისძიებაა დემონსტრაციათა ციკლში, რომელსაც მოჰყვა კონფრონტაცია ლიბერალ აქტივისტებსა და ქალაქის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის.
აქციები ივლისის შუა პერიოდიდან მიმდინარეობს. მათ ბიძგი მისცა ქალაქის სათათბიროს მოახლოებულმა არჩევნებმა და საარჩევნო კომისიის უარმა კენჭისყრისთვის რეგისტრაციაში გაეტარებინა ზოგიერთი ლიბერალი კანდიდატი. თუმცა მოგვიანებით აქციათა მასშტაბი გაფართოვდა და მათ აღიქვამენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილის მზარდი უკმაყოფილების გამოხატულებად.
31 აგვისტოს აქციის დაწყებამდე მოსკოვის ცენტრში რამდენიმე ადგილას შენიშნეს პოლიციის ავტობუსები და წყლის ჭავლის მოწყობილობები, ისევე, როგორც საკუთრივ პოლიციელთა ჯგუფები.
სამართალდამცავი სტრუქტურების და სხვა ოფიციალური პირების მხრიდან მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, მკაფიო განმარტება არ გაცემულა იმის შესახებ, დაარბევს თუ არა პოლიცია ამ აქციას და იქნება თუ არა ეს დარბევა ისეთივე ძალადობრივი, როგორც უწინდელი დემონსტრაციების დარბევისას.
"აქ იმიტომ ვარ, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმას" - განაცხადა გრიგორი იავლინსკიმ, ვეტერანმა პოლიტიკოსმა, რომელიც ხელმძღვანელობს ლიბერალურ პარტია "იაბლოკოს". მისმა პარტიამ ბოლო წლებში მხარდაჭერა დაკარგა. "ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ხდება იმიტომ, რომ მთავრობა სისტემატიურად აყალბებს არჩევნებს. ის უკვე დიდი ხანია ხდება. და ხალხს მობეზრდა" - დასძინა მან.
პირველ ეტაპზე აქციებზე ათი ათასობით მოქალაქე იკრიბებოდა, 2012 წლის შემდეგ ეს იყო რუსეთში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დემონსტრაციები. პოლიციამ ძალადობრივად დაშალა რამდენიმე აქცია, რომლებსაც ხელისუფლებამ უწოდა "უკანონო მასობრივი თავშეყრა". დააკავეს 2000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადვოკატ ლიუბოვ სობოლის თქმით, აქციის გამართვის თაობაზე თხოვნის წერილში აქტივისტებმა მოსკოვის მესვეურებს სამი ადგილი შესთავაზეს, თუმცა სამივეზე უარი მიიღეს. სობოლის თქმით, ხელისუფლებას არ შეუთავაზებია ალტერნატიული ადგილი, რაც ადგილობრივ კანონს ეწინააღმდეგება. სობოლმა ქალაქის ხელისუფლებას მოუწოდა "შეწყვიტოს პროვოკაციული ნაბიჯები და უპატივცემულობის გამოხატვა მოსკოველების მიმართ და უზრუნველჰყოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვა".