აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს თავიდან აიცილონ ესკალაცია

მორგან ორტაგუსი

"აშშ-ი თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) მახლობლად", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, უწყების პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვაშინგტონი მოუწოდებს ყველა მხარეს თავიდან აიცილონ ესკალაცია, ხოლო სიტუაციის დარეგულირებისთვის გამოიყენონ ევროპის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი და იმოქმედონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად.

ამ განცხადების ფონია ცნობები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს დაწყებულ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციაზე.

"ამას გარდა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს ყველა არსებული არხი ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) მახლობლად სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისათვის", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.