თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის სასამართლოს წინაშე უადვოკატოდ დარჩა

ცხინვალის საქალაქო სასამართლოში განიხილება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმე. თამარ მეარაყიშვილი სასამართლოს წინაშე ადვოკატის გარეშე წარდგება და დუმილის უფლებას გამოიყენებს. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ადვოკატი დაიქირავოს ადგილობრივ პროკურატურასთან სასამართლო დავის გასაგრძელებლად.

რადიო თავისუფლების თხოვნით მან ვიდეომიმართვა ცხინვალში, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის წინ ჩაწერა.

მანამდე მან ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს:

„ამ დაძაბულ დღეს მივდივარ ცხინვალში იმის დასამტკიცებლად, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. დანაშაული, რომლის დამტკიცებასაც 2 წელია ვერ ახერხებენ, მაგრამ აღიარებას მთხოვენ. დღეს პირველად ადვოკატი აღარ მეყოლება. დაცვას დუმილით შევეცდები. შეიძლება დარბაზში ჩემს მხარდასაჭერადაც ვერავინ მოვიდეს დაძაბულობის გამო.
არ ვიცი საგუშაგოს, ტერიტორიის დაცვას ვინ რამდენად მოახერხებს, მაგრამ ერთი ქალის დაცვა რომ ვერ-არ მოახერხეს ეს ფაქტია. სახელმწიფო მხოლოდ მიწას და მკვდარს იცავს. მე ცოცხალი ვარ და არ ვარ საინტერესო.
მადლობა ყველა მეგობარს, ნაცნობს, უცნობს ვინც მესამე წელია დაუღალავად მამხნევებს. მადლობა სამოქალაქო საზოგადოებას რომ ზრუნავდით ჩემზე. მე მიყვარს სამშობლო, მაგრამ მინდა სამშობლოსაც ვუყვარდე- 11 წელი სასამართლოებში არ უნდა დავყავდე ჩემთვის "რქების მოსატეხად",- წერს თამარ მეარაყიშვილი.

2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს მოუხსნა ყველა ბრალდება და შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე.

ეს გადაწყვეტილება ე.წ-მა პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ ეს ინსტანცია ახალგორელი მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ იზოლაციაში. სამოქალაქო აქტივისტს ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. შეზღუდული აქვს შემოსავლის მიღების წყაროებიც.