დასავლეთის მედია: ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას

დასავლეთის მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შეჩერებას, რაც აშშ-ის კანონმდებელთა წინააღმდეგობას იწვევს ორივე პოლიტიკური პარტიიდან.

როგორც „პოლიტიკო“ და „როიტერსი“ იტყობინებიან ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ტრამპმა განკარგულება გასცა, გადახედულ იქნეს დახმარების პროგრამა, რომელსაც კიევი იყენებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ „ფული შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად იხარჯება“, წერს „პოლიტიკო“ და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტრამპი პროგრამის შეჩერებას აპირებს.

„პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ როცა საქმე ეხება უცხო ქვეყნების დახმარებას, უნდა მოხდეს უცხოეთში აშშ-ის ინტერესების პრიორიტეტიზაცია და სხვა უცხო ქვეყნებმაც უნდა გაიღონ საკუთარი სამართლიანი წილი,“ მოჰყავს „როიტერსს“ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის სიტყვები.

თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია ამ ცნობებზე. ამ თემაზე საუბრისას გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ეს „საფრთხეს შეუქმნის უკრაინის გრძელვადიან სტაბილურობას.“