„პეკინზე ვსეირნობდი, მაღაზიებს ვათვალიერებდი, მერე ტაქსიში ჩავჯექი და სახლში წავედიო“, - პეკინზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის ადვოკატი, ალექსი გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი ახსოვს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის:
„წლების განმავლობაში მკურნალობდა. აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. ბოლოს კლინიკაში 2017 წელს იწვა და იღებდა შესაბამის მედიკამენტებს. მას არაფერი ახსოვს იმის გარდა, რომ ათვალიერებდა მაღაზიებს და მერე თქვა, რომ ჩავჯექი ტაქსიში და სახლში წავედიო. ბავშვის დაჭრის მომენტი მისი მეხსიერებიდან ამოვარდნილია. დანის ქონას საერთოდ უარყოფს, არ მქონიაო. გამოძიების მასალები ცოტა ხნის წინ ჩამბარდა. თუკი გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაინიშნოს“.
51 წლის ქალს, რომელმაც 26 აგვისტოს, პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, 29 აგვისტოს ბრალი წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა. აღმკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს იმსჯელებს.
3 წლის ბავშვს, რომელსაც ბრალდებულმა სახის არეში დანით მიაყენა ჭრილობები, პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა და კლინიკიდან დღეს გაწერეს.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.