სახალხო დამცველი: აქცენტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტიგმას აძლიერებს

Georgia -- Public Defender of Georgia. Ombudsman. Tbilisi, 06Dec2017

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 27 აგვისტოს, პეკინის გამზირზე, მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ამბის შეფასებისას, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი მოწოდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ.

მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დანაშაულში ბრალდებული ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიებით უნდა დადგინდეს, მანამდე კი ამ ფაქტორის ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება, რაც აბრკოლებს არსებული რეგულაციების და სერვისების ეფექტურ განხორციელებას. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას.

სოციალური სერვისების სიმცირე კი ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას.

ომბუდსმენის შეფასებით, გამოწვევად რჩება თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, თავის მხრივ განაპირობებს მათზე მისაწვდომობის ნაკლებობას და შემთხვევათა გამწვავებას.

„პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობის საკითხიც. მაგალითისთვის, 2018 წელს ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში, რაც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალს გარეშე სერვისების გაძლიერების საჭიროებაზე“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

ასევე, მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.