"გადასახადის გადამხდელთა კავშირი": „თიბისი ბანკის“ საქმეზე შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია

გადასახადის გადამხდელთა კავშირი „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ორგანიზაციის თანახმად, ვინაიდან „თიბისი ბანკის“ საქმე გასცდა ერთი კომპანიის საზღვრებს და შეეხო არა მხოლოდ ბანკის დამფუძნებლებს, არამედ, ირიბად, მედიაკომპანიებსაც, წარმოშობილი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

„გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნას "თიბისი ბანკის" საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს.

ვიმეორებთ, ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. აღნიშნულის მიღწევა კი, შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით”, - ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

27 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ხელისუფლების მხრიდან მათი მისამართით განხორციელებულ განგრძობად პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკეს.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმომავლობის იყოს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.