რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აფხაზეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგა და მისი საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია.
აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე ლავროვმა ილაპარაკა „აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის“ მიერ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტზე, სერგეი ბაღაფშზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.
რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. იმ პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა სერგეი ბაღაფში, რომელიც 2011 წლის მაისში, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.
სერგეი ლავროვის თქმით, აფხაზეთს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა სწორედ სერგეი ბაღაფშმა და მას უკავშირდება „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაც.“
ლავროვის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ აღკვეთა სააკაშვილის შემდგომი აგრესია: „და დაიწყო აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესი. პირველი იყო ნიკარაგუა, რომელსაც მოყვნენ ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ, ვანუატუ და სირია.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რომ 2013 და 2014 წლებში ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.