იმნაიშვილი: მაქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია

ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ პაატა სალიასთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს სურს დაბრუნება.

პაატა სალია იმნაიშვილს „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას სთავაზობს, როგორც იმნაიშვილი ამბობს, მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზეა.

ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ჟურნალისტები არჩევნის ზღვარზე დგანან: წნეხის გამო ემოციური გადაწყვეტილება მიიღონ თუ პროფესიული.

იმნაიშვილი იხსენებს 14 წლის წინანდელ ამბებს, როდესაც, მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო მოუხდა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება.

„გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში, დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიაში“, - ამბობს ის.

როგორც იმნაიშვილმა თქვა, ამ 14 წლის განმავლობაში ყოველთვის სურდა, საქართველოში ჩამოეტანა, როგორც საოპერაციო სტანდარტი, ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობის უპრეცედენტო გარანტია, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს.

„ამ მხრივ, საეტაპო პროცესი იწყება. მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე ვართ არხის მფლობელებთან. თუ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, მთავარი ამოცანა არის, შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება. იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება. ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი საშუალებას მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს, დაიცვან საკუთარი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. გულუბრყვილო იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ერთჯერადი რამ არის, არამედ იქნება ყოველდღიური პროცესი. სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი“, - თქვა იმნაიშვილმა.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ, ამბობს, რომ ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია გამარჯვებიდან მალევე წაართვეს.

„თუ ჩვენი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, მაქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია, გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა უნდა მოიპოვოს ცენზურაზე. განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა“, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

იმნაიშვილის მტკიცებით, ის არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდა მოლაპარაკებას, რომ არა საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა.

შეთანხმების შემდეგ ირაკლი იმნაიშვილი ჩარჩო-ხელშეკრულების პრეზენტაციას გეგმავს.

ირაკლი იმნაიშვილი საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ ტოკშოუ წამყვანად, მის linkedin-ის პროფილიზე ახლაც მითითებულია, რომ იგი არის BBC-ს პროდიუსერი. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული პერიოდი კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და ამ დრომდე იქ ცხოვრობენ. ორივე მათგანი ბოლო დრომდე BBC-ის თანამშრომლები იყვნენ.