ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ, გაიმართება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება.

26 აგვისტოს დილის მონაცემებით, ამჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ხმა მისცა 26,6%-მა. მეორე ადილზეა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა 24,9%-ით და მესამეზე ოპოზიციური პარტიის, "ამცახარის" ლიდერი ალხას კვიცინია 24,6%-ით. ამ შედეგებს კანდიდატების შტაბები აქვეყნებენ დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით. ხაჯიმბასთან ერთად მეორე ტურში გასასვლელად არშბა და კვიციანია იბრძვიან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.

საქართველო მის ტერიტორიაზე - აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს" არალეგიტიმურად აცხადებს.