დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
2019 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
გამოძიება დაიწყო ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის - ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას:
„გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.
საგამოძიებო უწყებამ ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი - ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე. გარდა ამისა, გამოიკითხა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ ასევე თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები.
გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.
შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“.
პროკურატურის განცხადებითვე, არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის და შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა გამოძიება.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.
საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.