„TV პირველის“ მფლობელის მამის სამართლებრივი დევნა ამძაფრებს კითხვებს სიტყვის თავისუფლების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ და წერენ, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა ამძაფრებს კითხვებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით:

„2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, რომლის ოჯახის მფლობელობაშია დამოუკიდებელი ტელეკომპანია “TV პირველი”.

11 წლის წინანდელ ფაქტზე საეჭვო გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი 2019 წლის 24 ივლისს, მას შემდეგ წაუყენა, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მიმდინარე გამოძიების ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული.

შექმნილ ვითარებაში, და განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლის, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას რეალურად მოჰყვა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის “TV პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სავარაუდოდ, ადრეც ჰქონდა ადგილი”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

„სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის“.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც მათი განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით:

„მოვუწოდებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.

ასევე, მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მედია განვითარების ფონდი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.