დავით უსუფაშვილს "TV პირველის" გადარჩენის სამოქალაქო ფონდის შექმნის ინიციატივა აქვს

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავისუფალი მედიის მოთვინიერების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა ბიზნესმენ ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას.

უსუფაშვილის შეფასებით, ეს პირდაპირ უკავშირდება „TV პირველის“ ფუნქციონირებას და არსებობას იმ ბიზნეს-წრეებისა, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, შექმნილ ვითარებაში არაადეკვატური და უშედეგოა მორიგი შეფასებები, ანალიზი და მოთქმა-გოდება იმის თაობაზე, თუ რას და რატომ სჩადის ხელისუფლება.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ შედეგიანი იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა თავისუფალი მედიის დასაცავად და ხელისუფლებას დაუმორჩილებელი ბიზნეს-წრეების გასააქტიურებლად.

დავით უსუფაშვილის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ტელეკომპანია „პირველის“ გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას შეექმნება ფუნქციონირების პრობლემა მის მფლობელებსა და დამფინანსებლებზე ხელისუფლების ზეწოლის გამო, მოქალაქეები აიღებენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, საქართველოს შეუნარჩუნონ განსხვავებული, თავისუფალი სიტყვის საშუალება.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საზოგადოებრივი ფონდი უნდა შეიქმნას ყოველგვარი პარტიული და საარჩევნო-პერსონალური კონტექსტების გარეშე და იმის მიუხედავად, ვის რომელი ტელეკომპანია მოსწონს, ან არ მოსწონს.

დავით უსუფაშვილის თქმით, ფონდის არსებობაში ხარისხობრივი წვლილი უნდა შეიტანონ ბიზნესმენებმაც.

"შენების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ხელისუფებას, რომ მის ზეწოლას პასუხს თავად გასცემს.