ირანმა წარადგინა ადგილობრივი წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემა

ირანმა წარადგინა ახალი, ადგილობრივი წარმოების სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, იმ ფონზე, როცა თეირანი ინარჩუნებს დაუმორჩილებელ პოზიციას აშშ-სთან მიმართებით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის პირობებში.

22 აგვისტოს, ჰაერი-ხმელეთი მობილური სარაკეტო სისტემის წარდგენისას, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თქვა, იმის გამო, რომ ირანის "მტრები ლოგიკას არ ცნობენ, ჩვენც ვერ ვუპასუხებთ ლოგიკითო".

"როცა მტერი ჩვენს წინააღმდეგ რაკეტას გაუშვებს, ჩვენ საპასუხოდ სიტყვით ვერ გამოვალთ და ვერ ვიტყვით, 'ბატონო რაკეტავ, გთხოვთ, არ დაეცეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უდანაშაულო ადამიანებს. რაკეტის გამშვებო ბატონო, თუ შეიძლება დააჭირეთ ღილაკს და რაკეტა ჰაერშივე გაანადგურეთ" - თქვა როჰანიმ თეირანში წარმოთქმულ სიტყვაში.

როჰანის ეს გამოსვლა და სარაკეტო სისტემა ჯერჯერობით ბოლო განვითარებაა თეირანსა და ვაშინგტონს შორის სიტყვიერ ომში, რომელიც, ბევრი შიშობს, შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. აშშ გავიდა 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდვებს უწესებდა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. აშშ-მა ირანს აღუდგინა სანქციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის სანავთობო და ფინანსურ სექტორებზე.