პროკურატურამ მოითხოვა ხაზარაძის და ჯაფარიძის 16 664 000 დოლარის ეკვივალენტი ქონების დაყადაღება

გენერალურმა პროკურატურამ რადიო თავისუფლებას წერილობით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ქონების დაყადაღებას.

„პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები“, - განმარტავს პრესსამსახური.

საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს.

პროკურატურა მათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში სდებს ბრალს.

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 20 აგვისტოს Facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს.