ნოდარ მელაძე: შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის თაობაზე

„რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ ამას მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს, რადგან ამას გააკეთებენ ეტაპობრივად, თუმცა, 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, „კურიერი“ და „რუსთავი 2“ განადგურდება“, - ასე გამოეხმაურა „კურიერის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილებას მისი და რამდენიმე ჟურნალისტის ტელეკომპანიიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ნოდარ მელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს , მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების შეთავაზებულ გარიგებაზე, საბოლოო გადაწყდა „რუსთავი 2“- დან ჟურნალისტებისა და მედია-მენეჯერების გათავისუფლება:

„ორი კვირის წინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ არ სურდათ რუსთავი 2-სგან „იმედის“ გაკეთება და „კურიერში“კრიტიკის რაღაც დოზა დარჩებოდა. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას, უბრალოდ, მე ურთიერთობა უნდა მქონოდა მათ წარმომადგენელთან. ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას. ის იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული საკითხები ამ ადამიანის კონსულტაციისა და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გაგვეშუქებინა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, ისინი იტყოდნენ, რომ მე ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ და სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა. თუმცა, ვახდენ მათ ციტირებას, „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, რადგან ის თავად ებრძოდა ბიუჯეტის ქურდებს, მაგრამ იყო თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, ვთქვი - არა. ჩემს ცხოვრებაში მე მქონია პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს“.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა არაფორმალურ გარიგებაზე, დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, ამჯერად, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისგან:

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ. დღეს პაატა სალიამ მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არის ის ბონუსი, რომელიც 2016 წელს გამომიწერა ნიკა გვარამიამ. ეს არის ბოდვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება. შაბათს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი, მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან პროცესი ძალიან გაიწელა და პირველი, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ნოდარ მელაძის განცხადებით, ის აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ შევქმნა პრეცედენტი, რომ როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედია-მენეჯერები და ჟურნალისტები სამსახურიდან“.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს გააკეთა.