თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ზუგდიდში აგროვებენ ხელმოწერებს

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ.

მათი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა აქცია ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიმდებარედ დაიწყეს და მოგვიანებით, ქალაქის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი ხელისუფლებამ იძულებული გახადა ქუჩაში გამოსულიყო:

„ყველამ უკვე კარგად იცის, რომ მე, 150 დეპუტატის სახელზე, პარლამენტში პირადად შევიტანე წერილი, იმის მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ უარი მითხრეს. მე ზუსტად ვიცი, რატომ მეუბნებიან უარს. იმიტომ, რომ თემირლანის მკვლელობა და ის საქმეები, რომელიც აქვთ დაკონსერვებული და კბილებით უჭირავთ, არ გავიდეს საზოგადოებაში და ეს ხელისუფლება არ დაემხოთ თავზე. ამიტომ გავხდი იძულებული გამოვსულიყავი ქუჩაში და მთელი რეგიონები ფეხით შემომევლო, რათა შევაგროვოთ ხელმოწერები".

ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ივნისში თბილისიდან დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახმა ხელმოწერები ბათუმშიც შეაგროვა. 19 აგვისტოს კი ისინი ქუთაისში გადაინაცვლებენ.

ხელმოწერების შეგროვება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.